სუიციდის ფაქტები მოზარდებში – მუსულმანური ტრადიციები თუ მშობელთა გაუნათლებლობა?
საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე მუსულმანური ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ალი ბაბაევი კანონში ცვლილებების შეტანას და გამკაცრებას ითხოვს. კონგრესის თავმჯდომარე თელავის რაიონში 17 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტით შეძრწუნებულია და გოგონას მშობლებს გაუნათლებლობასა და უწიგნურობაში ადანაშაულებს.
როგორც „კვირას“ საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განუცხადა, საქართველოში ერთი კონსტიტუცია მოქმედებს და ყველა მოქალაქისთვის კანონი ერთი უნდა იყოს.
„ცნება მუსულმანური ტრადიცია არ არსებობს, საქართველოში კონსტიტუცია არის ერთი და კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ყველაფერს მუსულმანურ რელიგიას და ტრადიციებს აბრალებენ. ეს სიცრუეა, არავითარი ტრადიცია. ეს არის დაბალი ცივილიზაციის, უწიგნურობის, მშობლების გაუნათლებლობის ბრალი. ეს მარაზმია. ამიტომაც ყველა ამ ფაქტზე კანონმა მკაცრად და სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და ასეთი მოძალადე მშობლები დაისაჯონ. ბოლოს და ბოლოს, 21 – ე საუკუნეში ვართ, ბავშვებს თუ ერთმანეთის მიმართ გრძნობა არა ქვთ, როგორ შეიძლება ოჯახი ძალით შექმნან?“ – აცხადებს ალი ბაბაევი და საქართველოში აზერბაიჯანელი არასრულწლოვანების იძულებით გათხოვების ფაქტებზე საუბრობს.
„ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში არის შემთხვევები, სადაც სკოლის მოსწავლეებს – 14-15-16 წლის გოგონებს მშობლები იძულებით ათხოვებენ. კიდევ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანულ სოფლებში პატარა გოგონებს იტაცებენ. თბილისის 64 – ე საჯარო სკოლაში გათხოვილი მოსწავლეები დადიან. არის კიდევ ერთი ფაქტი, კასპის რაიონის სოფელი ფერმაში ცხრაწლიანი სკოლაა და ბავშვებს სკოლის დამთავრების შემდეგ ათხოვებენ. ამ სკოლის მე-7 კლასელი ბავშვები მეხვეწებიან, რომ ამ სოფელში საჯარო სკოლა გაიხსნას, სადაც მე-12 კლასი იქნება. სოფელში 14 -15 წლის ბავშვები არიან გათხოვილები. ზოგიერთი მშობელი შვილს სკოლაში არ უშვებს, რომ მისი გოგონა არ მოიტაცონ. გოგონები სახლში ჰყავთ ჩაკეტილი და სკოლაში არ უშვებენ. ამ მარაზმს ბოლო უნდა მოეღოს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ალი ბაბაევი.
მისი თქმით, ძალადობრივი გზით შექმნილი ოჯახები ნაადრევად ინგრევა და ამ ბავშვებს მომავალი არ აქვთ.
„აზერბაიჯანულ სოფლებში დღემდე არსებობენ ოჯახები, რომლებსაც დაბადების მოწმობაც კი არა აქვთ. ამიტომაც საჭიროა კანონი გამკაცრდეს და აიკრძალოს პატარა ბავშვების გათხოვება. პირველ რიგში, მშობლები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს ალი ბაბაევი.
„კვირა“ თბილისის 64-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. თამარ მამსიკაშვილი აცხადებს, რომ სკოლაში სამი სექტორია და იქ აზერბაიჯანელი ეროვნების 102 მოსწავლე სწავლობს. დირექტორმა კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ მის სკოლაში დაოჯახებული გოგონები სწავლობენ. თუმცა, თამარ მამსიკაშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ 64-ე საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონების ნაადრევად ქორწინების შემთხვევები გაცილებით ხშირი იყო, ვიდრე დღეს.
„სკოლაში არც ერთი დაოჯახებული გოგონა არ სწავლობს. ერთადერთი შემთხვევა, რომელიც შარშან იყო, მე-9 კლასელი აზერბაიჯანელი მოსწავლე, მართლაც, დაოჯახდა და მან სწავლა მიატოვა. ოთხი წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ, მასწავლებლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ წინა წლებში გოგონების დაოჯახების შემთხვევები გაცილებით ხშირი იყო. თუმცა, არცერთ შემთხვევაში ისინი სკოლაში აღარ დადიოდნენ. მათ სწავლის პროცესი მიატოვეს“, – აღნიშნა 64-ე საჯარო სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების ნაადრევი დაოჯახების შემთხვევები არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეებში, არამედ სხვა ეროვნების არასრულწლოვნებშიც გვხვდება.
როგორც „კვირამ“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაარკვია, სკოლის მოსწავლეების ნაადრევი დაქორწინების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნატა ასათიანის განცხადებით, კანონი ზოგადი განათლების შესახებ დაოჯახებული მოსწავლეების სწავლას არ კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში არასრულწლოვანმა გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. სოფელში ამბობენ, რომ მას შეყვარებუილი ჰყავდა, მშობლები კი ტრადიციების მიხედვით სხვაზე ათხოვებდნენ, რაც სუიციდის მიზეზი გახდა. სოფელში, სადაც ეს შემზარავი ფაქტი მოხდა, თვითმკვლელობა ამ მიზეზით პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ალი ბაბაევის ინფორმაციით, ამავე სოფელში ანალოგიური შემთხვევა ორი წლის წინაც მოხდა. მაშინ 15 წლის ზილეიხანა ხალილოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედიის მიზეზი მაშინაც ნაადრევი ქორწინება და ოჯახური ტრადიცია იყო.
ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 7 367–მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის (7–9 კლასები) დასრულებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, განათლების სისტემიდან ბავშვთა გადინებას ძირითადად ადრეული ქორწინება განაპირობებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, „ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს“.
იზა შაქარაშვილი