სამედიცინო სფეროში რადიაციული უსაფრთხოება გაუმჯობესდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები” – პროექტი განიხილეს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადა.
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით ქვეყანაში ყალიბდება თანამედროვე მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს პაციენტისა და მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, კერძოდ: განისაზღვრა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები სხიურ თერაპიაში, რაც დღემდე არ არსებობდა; ცალკე განისაზღვრა ბავშვებისა და ორსული ქალებისათვის რენდგენოლოგიური გამოკვლევის პროცედურები, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მათი რადიაციული უსაფრთხოება; ჩამოყალიბდა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები ბირთვულ მედიცინაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; განისაზღვრა რადიოთერაპიული დანადგარების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის კრიტერიუმები და მოთხოვნები; განახლდა მოთხოვნები რენტგენოდანადგარების განთავსებისათვის საჭირო ფართებთან მიმართებაში; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა რენდგენოდანადგარებისადმი ხარისხის კრიტერიუმები, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე და პაციენტებზე გამოსხივების მავნე ზეგავლენას. შეხვედრას რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ლიტვის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე იულიუს ჟილუკასისი ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ლიტვის გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში. ცნობისთვის, აღნიშნული რეგლამენტი 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები