დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიელ კოლეგასთან ერთად საქართველო-ლატვიის ბიზნეს-თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გახსნა
დღეს საქართველოს ლატვიის ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიცე-ოზოლა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.
დღესვე საქართველოს და ლატვიის მინისტრებმა ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის ბიზნეს-თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენების წინაშე მოხსენებები გააკეთეს. შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნესის თანამშრომლობის განვითარება, ინვესტიციების ხელშეწყობა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები.
საბჭოს სხდომა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლატვია საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანაა.
მისი განცხადებით, დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, პოტენციალი სავაჭრო სექტორში დიდია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ხელს შეუწყობს ლატვიური კაპიტალის მოზიდვას საქართველოს ეკონომიკაში.
ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა დანა რეიზნიცე-ოზოლამ გამოხატა დიდი დაინტერესება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მისი თქმით, არსებობს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორს შორის კოოპერაციის პოტენციალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფარმაცევტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა.