“თუ ზვიად ქორიძეს აქვს შეწყალების უფლება, პატრიარქსაც შეიძლება სახელმწიფოს დახმარების სურვილი ჰქონდეს”

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ზვიად ქორიძეს აქვს უფლება, ადამიანები შეიწყალოს, პატრიარქსაც შეიძლება ჰქონდეს სურვილი, დაეხმაროს სახელმწიფოს.
“ზვიად ქორიძეს თუ აქვს უფლება, რომ ადამიანები შეიწყალოს, საქართველოს პატრიარქსაც შეიძლება ჰქონდეს უფლება, გამოხატოს სურვილი, დაეხმაროს სახელმწიფოს და, როგორც ჩვენი მოძღვარი, ჩაერთოს სახელმწიფოს იმ პროცესში, რასაც შეწყალება ჰქვია”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ორი დღის წინ სურვილი გამოთქვა, რომ მას, როგორც პატრიარქს, პატიმართა შეწყალების უფლება ჰქონდეს. საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მისი უწმინდესობის მხრიდან გამოითქვა პატიმრებისადმი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხილვის მოთხოვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები