რაზე ოცნებობს აივ-ინფიცირებული – „ხვდები, რომ შენ არავინ გელოდება“

„ზუსტად მახსოვს, წვიმიანი დღე იყო, იმდენად ზუსტად მახსოვს, ყველა სადღაც გარბის, წვიმიან დღეს უნდა შეეფაროს, ყველას ვიღაც ელოდება და ამ დროს ხვდები, რომ შენ აბსოლუტურად არავინ გელოდება“, – ასე იხსენებს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ აივ-ინფიცირებული რესპონდენტი იმ დღეს, როდესაც საკუთარი დაავადების შესახებ შეიტყო.

გამოცემასთან საუბრისას თემურ საბანიშვილმა გადაწყვიტა, ვინაობა გაეცხადებინა და საკუთარ თავზე ღიად ესაუბრა. როგორც იგი ყვება, 19 წლიდან სექსპარტნიორი ჰყავდა და ანალიზებს პერიოდულად იკეთებდა, რადგან იცოდა, რომ მის პარტნიორს სექსუალური კავშირი სხვასთანაც ჰქონდა.

„2015 წლის 14 თებერვალი იყო. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. როდესაც ანალიზის პასუხის გასაგებად მივედი, ლაბორანტ ქალს ვკითხე, ხომ მშვიდობაა-მეთქი. ამ დროს ქალი მიყურებს გასაცოდავებული სახით და მეუბნება – ბარემაც კი არ არის მშვიდობა, მაგრამ იქნებაო. მეგონა, კედლები თავზე მექცეოდა. ექიმს 9-ჯერ ვუთხარი, არ არსებობს, არ შეიძლება ეს მე დამემართოს-მეთქი. ახლა ღიმილით ვყვები, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებამდე თვეებდე ვმუშაობდი. ყველა ადამიანი, ვინც შეცოდება გამოხატა, დავკარგე. გამომდინარე იქიდან, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელი ვარ,ძალიან ბევრჯერ ბევრ ადამიანს დავხმარებივარ, იგივე თუნდაც სექს-მუშაკებს და ურთიერთობა მქონია. ისედაც ვიცოდი, რომ აივი მქონდა, მაგრამ ამის გულისთვის მასთან ურთიერთობისთვის თავი არ ამირიდებია. თავიდან ჩემს უახლოეს მეგობარს მივწერე. ნელ-ნელა ვატყობდი, რომ სასწავლებელში ჩემ მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა. იქ იყო ადამიანი, რომელსაც არ ველაპარაკებოდი, ისინი უცბად მესალმებიან. აი, გამარჯობას, რომ მოგიგდებენ, დაახლოებით მასე. ერთხელ მე და ჩემი ლექტორი მარტონი აღმოვჩნდით და მითხრა: იცი, რა არის, მე შენი სიტუაცია ვიცი და იმიტომ გეუბნები გამარჯობას, თორემ მე შენთან ურთიერთობა კი არ მსიამოვნებსო. საკუთარი თავი დამამადლა ადამიანმა, რომელიც ჩემი საუკეთესო მასწავლებელი იყო. ეგრევე წამოვედი სასწავლებლიდან. თვეების განმავლობაში სახლიდან არ გავდიოდი. თავიდან მეგონა, რომ საათიც კი დროს მითვლიდა. წამმზომის თითოეული მოძრაობა კოშმარად მექცა. ისე მაინც არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ის არ ვიცოდე, რა არის სიყვარული“, – ყვება თემურ საბანიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები