ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც „ღუდუშაურის“ მე-4 სართულიდან გადახტა?
2 ნოემბერს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მძიმე თერაპიის განყოფილების პაციენტი, 34 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აფხაზი (მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია) მეოთხე სართულის ერთ-ერთი პალატის ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მას ნერვული აშლილობა ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაში დროულად არ გადაიყვანეს.
ფაქტზე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მოადგილე მარინა გელანტია საუბრობს. გელანტია აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში მძიმე პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. მარინა გელანტია ირწმუნება, რომ ის ფსიქიკური აშლილობით არ გამოირჩეოდა.
“პაციენტი შემოვიდა მძიმე პნევმონიით. მას სუნთქვა უჭირდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა დროს ის არც ფსიქიკური აშლილობით და არც აგრესიულობით არ გამოირჩეოდა. მას სათანადო გამოკვლევები დროულად ჩაუტარდა და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა. იმ დღეს ძალზე აგრესიული იყო როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მიმართაც. წამოვარდა საწოლიდან, ვერ დაიმორჩილეს, რადგან აუწერელი მოქმედებები ჰქონდა, უმალ იქნა გამოძახებული დაცვის სამსახური, მაგრამ პაციენტმა გაარღვია არეალი, გადავიდა ჩვეულებრივ პალატაში და მე-4 სართულიდან გადახტა. ასეთი პაციენტი ბევრი გვყოლია, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. გიმეორებთ, წამებში მოხდა ეს ყველაფერი, ამჟამად მიცვალებული ექსპერტიზაზეა გადასვენებული“, – აცხადებს მარინა გელანტია.
მისივე თქმით, პაციენტი საყოველთაო დაფინანსებით საგებლობდა და მკურნალობის ხარჯების დაფარვის კუთხით პრობლემა არ ჰქონია. რაც შეეხება პაციენტის ვინაობას, კლინიკის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მის ვინაობას ვერ დაასახელებს.
“ვერ გეტყვით, კანონი უფლებას არ მაძლევს, მისი ვინაობა გაგიმხილოთ“, – აღნიშნავს მარინა გელანტია.