თეა წულუკიანი: მეამაყება, რომ ფემინისტი ვარ – პარლამენტის კარი ქალებისათვის ფართოდ უნდა გავაღოთ

„დღეს პარლამენტის კარი ქალებისათვის ჭუჭრუტანის ზომისაა და ის ფართოდ უნდა გავაღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ზოგიერთ მამაკაცს ფემინიზმი სალანძღავი სიტყვა ჰგონია – მე კი მეამყება, რომ ფემინისტი ვარ. ფემინიზმი არ ნიშნავს იმას, როგორც ეს ზოგიერთს შეიძლება ეგონოს – რომ მინდა გავხდე შტანგისტი, ან ძიუდოისტი. ფემინიზმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უფლებები ზუსტად ისევე იყოს დაცული, როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილის. ქალები საქართველოს საზოგადოებაში ვართ უმრავლესობა – ნახევარზე მეტი.
ეს არის არსებული დემოგრაფიული რეალობა და ბევრი უბედურების შედეგიც, თუკი 90-იან წლებს გავიხსენებთ. უბედურებების კასკადმა მოიტანა ის, რომ დღეს საზაგადოებაში ქალები ვართ უმრავლესობაში. ახალ თაობაშიც გოგონები მეტნი არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ პარლამენტში, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა, უკეთესად ვიყოთ წარმოდგენილნი. არ ვითხოვთ იმას, რაც საფრანგეთში ხდება – ვფიქრობ, ეს მეორე უკიდურესობაა, როცა პარლამენტი ვერ შედგება, თუკი პარლამენტის ნახევარი წევრი ქალი არ არის და ნახევარი წევრი – კაცი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პარლამენტში 75 კაცი იყოს, 75 ქალი, თორემ პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ჩვენ ვითხოვთ, რომ უკეთესად ვიყოთ წარმოდგენილნი. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ხუთი დეპუტატი ქალი გვყავდა და ეს ტრადიცია უნდა გაუმჯობესდეს.
პარლამენტში, წინა ხელისუფლების დროს, 9 ქალი იყო, დღეს არის – 15, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ქალები, ძირითადად, პლაკატების გამკვრელებად სჭირდებათ.
“დღეს სრულფასოვანი პარლამენტი არ გვყავს. ასე იყო წინაც. “კონსერვატორებმა” დადეს პირობა, რომ საკითხს პარტიის წესდებაში ასახავენ და მათი მომავალი სია ქალებით იქნება “გაჭედილი”, მაგრამ მათი მაგალითი საკმარისი არ არის, რომ სხვა პარტიებმა მიბაძონ. ერთი პარტიის მაგალითი რომ კმაროდეს, მაშინ საქართველოში ერთი გამგებელი ქალი არ გვეყოლებოდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ პარტიებმა ქალი კანდიდატი არ დაასახელეს – არა იმიტომ, რომ ქალებს საარჩევნო ოლქებში გამარჯვების მოტანა არ შეგვიძლია. კანონია საჭირო, რომ სიებში ქალები იყვნენ”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა – ნანა ყეინიშვილმა და თემურ ჭკუასელმა წარუდგინეს.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში მინიმუმ 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას უზრუნველყოფს.
თეა წულუკიანმა მზადყოფნა გამოთქვა კანონპროექტის კორექტირების პროცესში თავადაც ჩაერთოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები