შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მოუწია თვითონ ეღიარებინა – ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის
,,საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ – ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართული”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ეხებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ წერილს, რომელიც EPP-ის წევრებმა არასაჯაროდ გაუგზავნეს ევროკომისიის წევრებს, სადაც საუბარია, რომ „საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება“.
მისი თქმით, ასეთი ფაქტები კიდევ ადასტურებს და აჩვენებენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს.
„ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. ევროკავშირს მოუწია თვითონ ეღიარებინა – ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის. არადა, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, არსებობს იმისი რისკი, რომ ვინმემ კონტრაბანდულად შეეცადოს საქმიანობა. მაგრამ იმდენად აწყობილია კონტროლის სისტემა, რომ ვერ გამოვიდა. მეორე – რატომ სურს EPP-ს საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი ტყუილის გავრცელება, ესეც ცხადია, რომ უნდათ, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას, მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. შესაბამისად, როცა უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ ცდილობს ინსტრუმენტების გამოყენება, რათა აქ ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა.
როცა EPP-ზე ვსაუბრობთ, ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა საზღვარგარეთ იმყოფებოდა და შეხვედრები მათთანაც ჰქონდათ და დიდი ალბათობით, მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუკი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, გამოდის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი, რომელიც ამაში ჩართული იყვნენ – მათ შორის, NGO-ები, რომლებიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება.
სხვათა შორის, ასეთი მუხლით ბრალი წაყენებული აქვს რამდენიმე პოლიტიკოსს რადიკალური ოპოზიციიდან. ასეთი ფაქტები კიდევ ადასტურებს და აჩვენებენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს. ამგვარი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების შემცველი წერილი არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ხოლო ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.