თაღლითობისთვის რუსთავის მერიის თანამშრომლები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შპს „ავტომობილი 2003“-ის დირექტორი გელა შეყილაძე პასუხისგებაში მისცეს. ხოლო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცნენ ქალაქ რუსთავის მერიის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გიორგი არჩვაძე და ამავე სამსახურის სპეციალისტები, დავით დანელია და თამაზ ბაღაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2012-2013 წლებში რუსთავის მერიასა და შპს „ავტომობილი 2003“-ს შორის, რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების დაგვა – დასუფთავების და ნარჩენების გატანის თაობაზე, ხელშეკრულება გაფორმდა, რა დროსაც, საწარმოს მხრიდან ქალაქ რუსთავისთვის წარდგენილ საანგარიშსწორებო დოკუმენტებში, ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ზედმეტად იქნა ნაჩვენები 119 275 ლარის მომსახურების გაწევა. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსს გიორგი არჩვაძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტებს, დავით დანელიას და თამაზ ბაღაშვილს. აღნიშნულის მიუხედავად, მათ არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რითაც შპს „ავტომობილი 2003“-ის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს და ქალაქ რუსთავის საბიუჯეტო თანხებს თაღლითური გზით დაეუფლნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, და 342-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 6 -დან 9 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები