“მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი” – 600- კაციან ქორწილში მუსლიმებმა პატრიარქის სადღეგრძელო დალიეს, “ჩვენი პატრონიაო”
“მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია ჩემთვის, რადგან ასე გამზარდეს შინ, სკოლაში. როგორ ფიქრობთ, თურქეთში ან სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში სასწავლებლად წაყვანილ ბავშვებს ასწავლიან, რომ საქართველო უნდა იყოს მათი საფიცარი“, – ასე იწყებს ქართველი მუსულმანი ფერიდე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარს.
ფერიდე შუახნის მუსულმანი ქალია. მისი მამა-პაპა ამ სჯულს მისდევდა და ქალიც მუჰამედს სცემს თაყვანს, თუმცა, ეს სულ არ უშლის ხელს, ქრისტიანი ქმარი ჰყავდეს და ქრისტიან შვილებს ზრდიდეს.
„ღმერთი ერთია, ვისაც რა უნდა, ის დაარქვას, მთავარია გწამდეს, რომ მოწყალეა“, – ამბობს ფერიდე. მას ეშინია ვინაობის დაკონკრეტების. იმიტომ კი არა, რომ მოლა ან ხოჯა შერისხავს, “ჩვენებური ბიჭები ტელევიზიით თავების დაჭრით რომ დაგვემუქრნენ, შევშინდი ჩემი შვილების და ქმრის გამო” ,-ამბობს იგი გამოცემასთან საუბრისას.
“ჩემი უფროსი ბიჭის მეგობარი, ხელმოკლე ოჯახის შვილი, რამდენიმე წლის წინ თურქებმა სხვა ბავშვებთან ერთად წაიყვანეს სტამბოლში. იქ სწავლობდა რამდენიმე წელი. შეიცვალა – ჩაიკეტა, გაცივდა. დაბრუნდა და თითქოს ადგილს ვერ პოულობდა, ძველ მეგობრებთან ვერ ურთიერთობდა. მუსულმანებს ეჩხუბებოდა ხშირად. ისევ ჩემმა შვილმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭი ქრისტიანია, ეტყობა, ბავშვობის სიყვარულმა თავისი ქნა. ჩვილი რომ იყო, დედა ავად ჰყავდა და მე ვაწოვებდი ძუძუს. ეტყობა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახდენდა გავლენას მასზე და გული გაუხსნა ჩემს ვაჟს. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ თურქეთში სწავლისას ინტერნეტით გააბეს მასთან ურთიერთობა ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ისინი უმღვრევდნენ ტვინს, ეუბნებოდნენ, რომ ქართველი მუსულმანები დამახინჯებულად ადიდებენ ალაჰს. ბევრი ფულის სანაცვლოდ სადღაც წასვლას და საბრძოლო რაზმში ჩაწერას სთავაზობდნენ. დიდი ძალისხმევა დასჭირდა სამეგობროს ამ ბიჭის გადასარჩენად. სხვებიც გადაარჩინეს, მაგრამ ასეთი ენთუზიასტების იმედზე არ უნდა იყოს სახელმწიფო. თურქეთში მიჰყავდათ და მიჰყავთ ისინი, ვინც ღარიბი ოჯახიდან არის და სწავლის ფულის გადახდა არ შეუძლია. რა მოხდება, საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა ითავონ მათი პატრონობა. ასე ხომ სახელმწიფო უამრავ საფრთხეს აირიდებს და ბავშვებსაც გადაარჩენს.
მე მუსულმანი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია ჩემთვის, რადგან ასე გამზარდეს შინ, სკოლაში. როგორ ფიქრობთ, თურქეთში ან სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში სასწავლებლად წაყვანილ ბავშვებს ასწავლიან, რომ საქართველო უნდა იყოს მათი საფიცარი?”,-ამბობს ფერიდე.
„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას, ხულოელი ქეთევან ანთიძე კი ყვება, რომ მისმა ახლობელმა ხულოს ცენტრში სახლი გაყიდა. ეგონა, რომ მედრესეს მიჰყიდა. გადაფორმების დროს აღმოჩნდა, რომ ახალი მეპატრონე თურქეთის მოქალაქეა. ის კაცი პირადად არ გამოვიდა კონტაქტზე, მედრესეს ამოეფარა.
„არ უნდა დავეჭვდე, რატომ მოდის, რა ინტერესები აქვს ჩემს მიწაზე, რის თავშესაფრად იქცევა ის სახლი ამ უკუღმართ დროში?
თურქები ძალიან ბევრი ფულით მოდიან. არათუ მუსულმანურ სალოცავებს და სასწავლებლებს აშენებენ, აჭმევენ მშიერ ხალხს. მათი შვილები სასწავლებლად მიჰყავთ, გაჭირვებულ ოჯახსაც მეტი რა უნდა?!
ხალხი მიტოვებული იყო და არის. სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს მთიანი აჭარის მოსახლეობის დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე. თუ ასე არ მოხდა, ჯერ ხალხს დავკარგავთ და შემდეგ მიწას. არ ვიცი, ჩვენს ბავშვებს თურქეთში რას ასწავლიან, მაგრამ ვიცი, აქ გახსნილ მედრესეებში რა ხდება – ეს ულიცენზიო სასწავლებლები მხოლოდ რელიგიური მიმართულებით მუშაობენ. აქ არ ასწავლიან საქართველოს ისტორიას, სამშობლოს სიყვარულს, იმას, რომ აჭარა უძველესი საქართველოა. ზოგიერთ მედრესეში ყურანიდან ამოგლეჯილად, დამახინჯებული სურებით (თავები ყურანში) სიძულვილსაც კი ასწავლიან. არადა, აჭარელ მუსულმანს უყვარს ყველა ქართველი და საქართველო“,-განაცხადა მან და გაიხსენა, თუ როგორ დალიეს 600 -კაციან ქორწილში მუსულმანებმა პატრიარქის სადღეგრძელო, “ჩვენი პატრონიაო”,-დასძინა ქეთევან ანთიძემ.