დიმიტრი ქუმსიშვილი “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” წევრებს შეხვდება
“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, ხვალ ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდებიან.
“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ინფორმაციით, ღონისძიება შეხვედრების ციკლის “ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან” ფარგლებში გაიმართება.
ასოციაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პრემიერ- მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი “აწარმოე საქართველოში”, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო).
შეხვედრის მსვლელობისას დაჯილდოვდებიან ბანკები, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტ “აწარმოე საქართველოში” ჩართული კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დიმიტრი ქუმსიშვილთან პირდაპირი დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.