საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტი დაასრულა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტი დაასრულა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა, სადაც ძველმა არქივმა ფართის 70% დაიკავა, ხოლო დარჩენილი 30% დროთა განმავლობაში მიმდინარე სარეგისტრაციო დოკუმენტაციით შეივსება.
მათივე თქმით, პროექტის შედეგად დასრულებულია ტექბიუროს, სამეწარმეო რეესტრის, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა და კანცელარიის დოკუმენტაციის ცენტრალიზება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საჯარო რეესტრში მნიშვნელოვანი დოკუმენტები იყრის თავს, რომელთა უსაფრთხოება და დაცულობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
“საჯარო რეესტრის საარქივო მასალები ხშირად უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადი საფუძველია. მათთან შეხება უწყების თანამშრომლებს, თითქმის ყოველდღიურად უხდებათ, თუმცა მასალების დიდი ნაწილის სიძველისა და ინტენსიური გამოყენების გამო, დროთა განმავლობაში მათი დაზიანებისა და განადგურების საფრთხე იქმნება. ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჯარო რეესტრში არსებული საარქივო სისტემის წინასწარი შესწავლისა და ანალიზის შედეგად, დოკუმენტაციის საარქივო სტრატეგია შემუშავდა, რომელიც მცირე დანახარჯებს, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობასა და ქაღალდის დოკუმენტების ხანგრძლივი ვადით საუკეთესოდ შენახვას ეფუძნება. ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტის პირველი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცავის აშენება იყო, რომელიც სოფელ დიდ ლილოში აშენდა. მეორე ეტაპი კი ქაღალდის დოკუმენტაციის ერთ წერტილში თავმოყრას გულისხმობდა, რომელიც დათქმულ ვადაზე გაცილებით ადრე დავასრულეთ”, – აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
საჯარო რეესტრი არქივში დაცული ქაღალდის დოკუმენტაციის ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციაზეც მუშაობს. მიმდინარეობს ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები