გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას საქმეზე: საზოგადოება მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას აცხადებს, რომ ჟვანიას საქმეზე ახლო მომავალში პროკურატურა განცხადებას გააკეთებს და საზოგადოება სერიოზულ სიახლეს გაიგებს.
მისივე თქმით, პროკურატურის განცხადებამდე გვამის ექსჰუმაცია არ ჩატარდება.
„ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, ახლო მომავალში – ახალ წლამდე, პროკურატურა განცხადებას გააკეთებს, საზოგადოება სულ მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს. რაც შეეხება გვამის ექსჰუმაციას, პროკურატურის განცხადებამდე არ ჩატარდება“, – განაცხადა ჟვანიამ.
გოგლა ჟვანიას თქმით, ოჯახს შეკითხვები აქვს, რატომ იწელება პროცესები – სააპელაციო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე, ხოლო საქალაქო სასამართლოში პროკურორების – როსტომ ლაზარიასა და მამუკა გვარამიას საქმეზე. ამასთან, ყოფილი პრემიერის ძმა აღნიშნავს, რომ საქმეზე ჯერჯერობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაკითხულა.
„გასაგები მიზეზების გამო, ჯერჯერობით, სააკაშვილი მიუწვდომელია. მაგრამ, ბუნებრივია, დადგება დრო და დაიკითხება“, – აცხადებს გოგლა ჟვანია „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში