ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამიას და მთელ „რუსთავი 2“-ს ციხეში ჩაალპობდნენ

ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი დუმილს არღვევს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს. როგორც ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკა დატოვა და პოლიტიკურ თემებზე კომენტარებისგან თავს იკავებდა.
ნონა გაფრინდაშვილი დღევანდელი ხელისუფლების მთავარ მონაპოვრად – ადამიანის თავისუფლებას მიიჩნევს.
„ყველაზე მთავარი – თავისუფლება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ საქართველოში ის ხომ მაინც აღარ ხდება, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ფირებზეა აღბეჭდილი. ეს იყო იმ რეჟიმის სახე და მე ვიცი იმაზე ბევრად უარესი ჩანაწერები არსებობს, რაც უკვე ვნახეთ. აი, მთავარი მონაპოვარი – თავისუფლად ვსუნთქავთ! დარწმუნებული ვარ, ასეთი სამარცხვინო ჩანაწერები საქართველოში არცერთი მომავალი ხელისუფლების პირობებში აღარ შეიქმნება“, – აცხადებს ნონა გაფრიდაშვილი.
ამავე ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მსოფლიო ჩემპიონი აცხადებს, რომ იმ მოწოდებების გამო, რასაც ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია ხალხს ეუბნება, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იგი ციხეში აღმოჩნდებოდა.
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ აცხადებდა – თუ სასამართლო ჩვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ბრძოლა კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდება და ქუჩაში გადაინაცვლებსო. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, რა დაემართებოდა გვარამიას და „რუსთავი 2“-ის მთელ ხელმძღვანელობას? ციხეში ჩაალპობდნენ. აი, რას ნიშნავს დემოკრატია და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პიკი ის იყო, რაც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედს“ დამართეს. ვინ იყო მაშინ ნიკა გვარამია? გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელმაც ტელევიზიის დარბევა და ჟურნალისტების ცემა „გააპრავა“. გვარამია იყო პროკურორი, რომელიც სცენარებს წერდა და ამ სცენარების მიხედვით სრულიად უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ, თანაც სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. აი, ეს ადამიანი ითხოვს დღეს ქართველი ხალხისგან სოლიდარობას და თანაც რისთვის? იმისთვის, რომ კანონიერ მესაკუთრეს წართმეული ქონება არ დაუბრუნდეს. რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ აზრს კონკრეტულ ტელევიზიაზე, ის რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და არა თავისუფალი სიტყვის გამოხატულება. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი არ არის, თორემ რა მოელოდათ, სხვაზე უკეთ ვითონ იციან“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი დღევანდელი ხელისუფლების უარყოფით მხარეებზეც საუბრობს. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობს საკუთარი საქმიანობის პიარს. მსოფლიოს ჩემპიონი წარსულზე საუბრობს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიარკამპანიებს იხსენებს. „დღევანდელი ხელისუფლება რომ პიარს სათანადოდ იყენებდეს, საზოგადოებაში სულ სხვა განწყობა იქნებოდა. იმ უმძიმეს სიტუაციაში, რომელიც მათ დახვდათ, შესაძლებელზე მეტი გააკეთეს, ხალხმა კი ამაზე არაფერი იცის. სააკაშვილი ერთსა და იგივე ობიექტს რამდენჯერმე ხსნიდა. მეტიც, ჯერ საერთოდ არდაწყებულ ობიექტებზეც კი წითელ ლენტს ჭრიდა და ამათ რა სჭირთ, არ ვიცი“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები