თურქეთის ელჩი საქართველოში: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაარღვევს ჩვენ საჰაეროს სივრცეს, იგივე შედეგს მიიღებს

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაარღვევს ჩვენ საჰაეროს სივრცეს, იგივე შედეგს მიიღებს-ამის შესახებ თუქეთის ელჩმა საქართველოში რუსული “სუ 24“-ის ჩამოგდების ფაქტზე საუბრისას “მოამბესთან “ ინტერვიუში განაცხდა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მომხდარს სერიოზულ ინციდენტად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ თურქეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას ადეკვატურად უპასუხა.
“ეს მართლაც სერიოზული ინციდენტია, ამიტომ ჩვენ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ვცდილობთ მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაცია, რატომ მოხდა და როგორ მოხდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სირიაში არსებული ძალიან დაძაბული სიტუაციის გამო ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, მათ შორის რუსეთიც, რომ ისინი უნდა იყვნენ განსაკუთრებულად ფრთხილად და მათ არ დაარღვიონ ჩვენი საჰაერო სივრცე. ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდეს სირიის თავდაცვის სისტემებმა, ამის შემდეგ ჩვენ დავაწესეთ ახალი რეგულაციები საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით.
ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ ნებისმიერ საფრენი აპარატი,რომელიც დაფიქსირებული იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, აღქმული იქნებოდა როგორც მტერი და ჩვენ ვიმოქმედებდით ძალიან მკაცრად და მყისიერად, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვასხვავოთ მტრები და მეგობრები, ამიტომ ჩვენ ყველა განსაკუთრებით კი მოკავშირეები – მათ შორის რუსეთი გავაფრთხილეთ, თუ როგორი იყო ჩვენი რეგულაციები, რომ ეს სამწუხარო ამბავი არ მომხდარიყო. ორი თვის წინ როდესაც რუსეთმა დაიწყო საჰაერო ოპერაცია სირიაში, 2-3 დღის განმავლობაში მათ ჩვენი საჰაერო სივრცე ხუთჯერ დაარღვიეს, ამის შემდეგ ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მაღალი დონის პოლიტიკური და სამხედრო მოლაპარაკება რუსულ მხარესთან, რათა გაგვერკვია რაში იყო საქმე.
ბოლო ასეთი მოლაპარაკება ნოემბრის დასაწყისში შედგა, სადაც ჩვენ მათ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ქცევის წესები, რუსეთი ამაზე დაგვთანხმდა. სამშაბათის ინციდენტს რაც შეეხება, როგორც კი ჩვენ დავაფიქსირეთ მოიერიშეები, დავიწყეთ მათთან კონტაქტის დამყარება ხუთი წუთის განმავლობაში, ჩვენ ისინი ათჯერ გავაფრთხილეთ, მათ არა თუ შეცვალეს კურსი პასუხი არ გაგვცეს. ჩვენ იმ დრომდე, სანამ ჩამოვაგდებდით თვითმფრინავს, არც კი ვიცოდით, რომელ საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა ის. „სუ-24“-ის ტიპის თვითმფრინავები სირიის შეიარაღებულ ძალებშიც არის. ჩვენ იმიტომ კი არ ჩამოვაგდეთ ეს თვითმფრინავი, რომ რუსული იყო, ამაზე იმიტომ წავედით, რომ მან ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია.
ჩვენ არ ვტრაბახობთ იმით, რომ ეს გავაკეთეთ, მითუმეტეს, რომ ერთი რუსი პილოტი გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ამდენი გაფრთხილების შემდეგ ჩვენ სხვა გზა არც გვქონია“, – აცხადებს თურქეთის ელჩი.
მისივე თქმით, თურქეთი სიტუაციის დეესკალაციას ცდილობს, თუმცა რუსეთთან კონტაქტის დამყარება ძალიან რთულია.
“ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასეთი სახით დაარღვევს საჰაერო სივრცეს, იგივე შედეგს მიიღებს.
იმ წუთიდან, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ეს თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნოდა, ჩვენ შევატყობინეთ რუსეთსაც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. რუსეთის ელჩმა და სამხედრო ატაშემ დაურეკეს ჩვენს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და მათ ისაუბრეს მომხდარის შესახებ. ჩვენ მათ ვაჩვენეთ რადარის რუკები წამების სიზუსტით თუ როდის და რამდენჯერ გავაფრთხილეთ ეს თვითმფრინავები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, სიტუაციის დეესკალაციას, თუმცა სამწუხაროდ, კონტაქტის დამყარება ძალიან რთულია და ისინი ცდილობენ საზოგადოებას ინფორმაციის საკუთარი ვერსია მიაწოდოს.
ორი დღის წინ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან და ისინი შეთანხმდნენ, რომ სამ დეკემბერს ერთმანეთს მინისტერიალზე შეხვდებიან. მანამდე კი კლიმატის ცვლილების კონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ორივე პრეზიდენტი ერდოღანიც და პუტინიც ერთად იქნებიან“, – აცხადებს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები