ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გულისხმობს. ამასთან, პუტინმა თურქეთის მოსახლეობას სავიზო სანქციებიც დაუწესა. დოკუმენტის ტექსტი კრემლის საიტზე გავრცელდა.
რუსეთში აიკრძალება თურქული პროდუქციის შეტანა, რომლის სრულ სიასაც მთავრობა შეადგენს. ეს არ შეეხება პირადი მოხმარების ნივთებს. ამასთან ერთად იგეგმება, რომ თურქულ ორგანიზაციებს აეკრძალოთ რუსეთში მუშაობა, ხოლო რუსულ კომპანიებს თურქების სამსახურში მიღება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დროებით შეჩერდეს გადაწყვეტილება თურქეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. ასევე, ტურ-ოპერატორებს ოფიციალურად ნაბრძანები აქვთ, შეწყვიტონ საგზურების გაყიდვა თურქეთის მიმართულებით.
სანქციები ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების გამო დაწესდა. ამის მიზეზი კი სირიაში თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება გახდა. შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს დილით, თურქეთის დროით 9:20 საათზე თურქეთის ჰატაის ოლქის ტერიტორიაზე, იაილადაღის რაიონში საზღვრის დამრღვევი რუსული ბომბდამშენი გამოჩნდა. თურქულმა ავიაციამ კი მისი ჩამოგდება განახორციელა.