ევროკავშირი საქართველოს რეფორმებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ევროკავშირმა საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტი მიიღო 100 მილიონი ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხით მოხდება სხვადასხვა რეფორმების მხარდაჭერა, რომლებიც ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ეს თანხები ხელს შეუწყობს რეფორმების გატარებას სახელმწიფო მმართველობის სექტორში, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას. ფინანსური სახსრები მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზაციას, ხელს შეუწყობს წამყვან ქართულ ინსტიტუტებს ასოცირების შეთანხმების რეალიზებაში და ასევე წინ წაწევს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ეს თანხები საქართველოს გადაეცემა ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, რომლის მეშვეობით ფინანსდება ამ პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც.