„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული პროექტებიდან ერთ-ერთი საწარმო აშენდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საწარმოში 20 ადამიანი დასაქმდება მშენებლობის დასრულების შემდეგ, ხოლო მშენებლობის პერიოდში – გაცილებით მეტი.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული პროექტებიდან ერთ-ერთი საწარმო აშენდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში. ეს იქნება მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო, რომლის დეკლარირებული სიმძლავრე, რაც ჩვენთან პროექტშია წარმოდგენილი, არის 10 მილიონი ლიტრი წელიწადში. ამ საწარმოში, სულ მცირე დასაქმდება 20 ადამიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ, ხოლო მშენებლობის პერიოდში გაცილებით უფრო მეტი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფანშეტში აღნიშნულ საწარმოს „შპს ჯანმრთელი წყალი +“ ააშენებს. ამისთვის კომპანიას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად 54 838 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. შპს „ჯანმრთელი წყალი +“ საწარმოს შესაქმნელად 400 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 50 ადამიანი დასაქმდება ასანთის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ხობში ორი წლის ვადაში ამოქმედდება. საწარმოს შპს „მარსი“ ააშენებს, რისთვისაც მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.
ქუმსიშვილის თქმით, ქარხანა წელიწადში, დაახლოებით, 100 მილიონ კოლოფ ასანთს აწარმოებს.
„თქვენ იცით, რომ ამჟამად ასანთი არის სრულად იმპორტირებული ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, შენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმოება ექნება. საუბარია დაახლოებით 100 მილიონ კოლოფზე წელიწადში. აქ ინვესტიციების რაოდენობა მილიონ ორასი ათასი ლარია“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება მესამე საწარმოს პროექტს, მცირე მოცულობის, მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყდრიონში ამოქმედდება. საწარმო შპს „ზარიძესთვის“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაცემულ 1 498 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება და წელიწადში მინიმუმ 30 ტონა რძისა და არანაკლებ 5 ტონა საქონლის ხორცის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმო სრული დატვირთვით ამუშავებას ორი წლის განმავლობაში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები