ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობას უხდის

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომელიც ბანკის მიერ ფინანსდება როგორც საჯარო. ისე კერძო სექტორში.
მათივე ცნობით, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.
ნოდარ ხადურმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით ინვესტორთა საბჭოს შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არის ბიზნესის მხარდაჭერის კიდევ ერთი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილონ ის გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე აქვს კერძო სექტორს.
„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბანკს იმ გადაწყვეტილებისათვის, რომლის საფუძველზეც ბანკის წლიური შეხვედრის ადგილად შერჩეულ იქნა საქართველო. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა – გვეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, უმასპინძლოს ამგვარ ღონისძიებას, ისე როგორც ეს ხდება წამყვან ევროპულ ქვეყნებში, რადგანაც საქართველო ევროპის ნაწილია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები