„დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში მთელი რიგი მიმართულებით თანხები შემცირებულია“

თბილისის საკრებულოს წევრმა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ თამარ ცინცაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი გააკრიტიკა. ცინცაბაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში, 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მთელი რიგი მიმართულებით, ბიუჯეტი შემცირებულია. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, თანხები შემცირდა ეკოლოგიის, ინფრასტრუქტურის, ავარიული სახლების შეკეთების მიმართულებით.

მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში თანხები არც მრავალსართულიანი ავტოსადგომის ასაშენებლად გამოყოფილა.

„ქალაქში ძალიან რთული მდგომარეობაა ეკოლოგიის კუთხით. სტანდარტის მიხედვით, ქალაქში რაც უნდა იყოს გათვლილი  1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების რაოდენობა, თბილისში ნორმას ამ კუთხით ათჯერ ჩამოვრჩებით. თანხები შემცირებულია ინფრასტრუქტურის მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ ქალაქში თითქმის შეუძლებელია გადაადგილება საცობების გამო, საშინელ დღეშია თვითონ გზებიც. გამოყოფილი არ არის თანხები მრავალსართულიანი ავტოსადგომის აშენების მიმართულებით. პრობლემებია სპორტის მიმართულებითაც, ველოდებით, რომ ცოტათი მოიმატებს სპორტის ბიუჯეტიც, რადგან ბევრი ახალი მოედანი და დარბაზია ასაშენებელი“, – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტი საკრებულოს მაქსიმუმ 10 დეკემბერს უნდა დაუბრუნდეს, თუმცა, ცინცაბაძის განცხადებით, თუ შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა, შესაძლოა, ბიუჯეტი თბილისის მერიას ისევ უკან დაუბრუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები