კულტურის სამინისტროში, არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დოკუმენტის შემუშავება განიხილეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დოკუმენტის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი დროით, მესამე პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებაზე გაყვანისათვის უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებას გულისხმობს.

დოკუმენტი უწყებათშორისმა კომისიამ შეიმუშავა. შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ასევე არასამთავრობო და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. არსებული დოკუმენტი, დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების მიღების მიზნით, გადაეგზავნა ყველა დაინტერესებულ ფოკუს-ჯგუფს, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სპორტულ ასოციაციებსა და კავშირებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელებეს, რომელიც ეხება როგორც ტრანსპორტის, კვების, დაბინავების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის, ასევე უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო და სანიტარული) საკითხებს. არასრულწლოვანთა გაყვანისათვის სპეციალური რეგულაციების შემუშავების ინიციატივა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები