სახალხო დამცველმა „ქუჩის ნარკოტესტირების” კანონიერებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების მთლიანი პროცედურა, პირის წარდგენიდან, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სასამართლო დადგენილების გამოტანის ეტაპამდე.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირის ადმინისტრაციული წესით „წარდგენა”, თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები, ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისთვის, თანაც ისე, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირი ვერ სარგებლობს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიებით.