რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი: ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი ელით!

ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ. „ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია. ვინც ამას სჩადის, უარყოფს წმინდა ყურანის მოწოდებას, რის გამოც, ისლამური დოგმატის თანახმად, ურწმუნოდ არის შერაცხილი. მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი ელის. აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ. ჭეშმარიტი მუსულმანი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან შუამავალი მუჰამედი მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს. ვიღაცები ცდილობენ, ისლამის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი ტერორისტად წარმოჩნდეს, ისლამოფობია ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძულვილი გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ, მსოფლიოს დააზარალებს. თუკი ამა თუ იმ რჯულის მიმდევარი დანაშაულს სჩადის თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს. უნდა მოვერიდოთ რელიგიური საკითხებით თამაშს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქმე ადამიანის სულიერებას ეხება. ამბობენ, რომ კამიკაძემ, რომელმაც საკუთარი და სხვების სიცოცხლე ხელყო, ტერაქტამდე “ალლაჰ აქბარ” დაიძახა… ის მკვლელია, რომელმაც უმძიმესი ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. ამ შეძახილში ფიგურირებს სიტყვები – “მოწყალე” და “მწყალობელი”. განა შეიძლება “მოწყალესა” და “მწყალობელს” წარმოთქვამდე და ადამიანს კლავდე“?! -ამბობს ბეგლარ ქამაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები