რა ინტერესები აქვს გოგი თოფაძეს საავტომობილო ბიზნესში – თბილისში ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი ავტობუსები გამოჩნდება
გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ დედაქალაქში შეკუმშულ ბუნებრივ აირზე (ე.წ. CNG) მომუშავე ავტობუსების შემოყვანის თემით დაინტერესდა.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ამ კამპანიის უკან უშუალოდ „მრეწველები“ დგანან, რომლებიც თავგამოდებით ლობირებენ არა ბუნებრივ აირზე, არამედ დიზელზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას. „ჰოლანდიური VDL არის ის კომპანია, რომელიც სწორედ დიზელის საწვავის ავტობუსებს აწარმოებს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე სწორედ ამ კომპანიის შემოყვანას ლობირებს გოგი თოფაძე და ეს რომ უსაფრთხოების გამო არ ხდება, ამას ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს.
შევეცადეთ, უშუალოდ გოგი თოფაძესთან გაგვერკვია, აქვს თუ არა მას ავტობუსების ბიზნესში პირადი ფინანსური ინტერესები. მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა იმ მიზეზით, რომ აეროპორტში იმყოფება და საზღვარგარეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე მიემგზავრება, თუმცა არქივში ინახება „მრეწველთა“ ლიდერის კომენტარი, რომელიც ავტობუსების შემოყვანასთან ერთად საქართველოში მის მასობრივ წარმოებაზე საუბრობს. „ჰოლანდიურმა კომპანიამ ქართულ მხარეს თანამშრომლობა იმ პირობით შესთავაზა, თუ 5 წლის განმავლობაში მათ მიერ დამზადებულ 650 ავტობუსს შევიძენთ. გარდა ავტობუსებისა, გვთავაზობენ სასწრაფო დახმარების, სახანძრო მანქანებს, ნაგვის მანქანებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოში. დაახლოებით, ქუთაისში ან სამტრედიაში. ახლა ველოდებით მათ ჩამოსვლას, საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობის პირობები. ძალიან ცნობილი ფირმაა, 18 ქვეყანაში აწარმოებს პროდუქციას, და ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზებაც აქვს“, – აღნიშნავს გოგი თოფაძე. მაღალი ალბათობით ის სწორედ კომპანია VDL-ზე საუბრობს, რომელიც დიზელის ავტობუსებს აწარმოებს, ამიტომაც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზე „მრეწველთა“ მიერ ორკესტრირებული კამპანია, ცხადია, კითხვის ნიშნებსაც არ ტოვებს.
როგორც ჩანს, თოფაძეს ბიზნესინტერესების დაკმაყოფილებაზე ნარმანიამ უარი უთხრა და არჩევანი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზე შეჩერდა. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა კამპანია, რომლითაც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები ლამის აპოკალიფსად გამოცხადდა. პრაიმ-ტაიმისთვის“ ცნობილი გახდა IBRD-ს დასკვნა, რომელიც დიზელის ავტობუსების ქომაგებსა და ლობისტებს არცერთ არგუმენტს არ უტოვებს. დასკვნაში ვკითხულობთ: „აირი, იქნება ეს თხევადი თუ კომპრესირებული (CNG), ზოგადად, დიზელზე უსაფრთხოა. დიზელისგან განსხვავებით, გაპარული აირი ატმოსფეროში იფანტება და არ გროვდება აალებად ნივთიერებად. მეთანის თვითაალების ტემპერატურა (6400C) დიზელისაზე (2100C) გაცილებით მაღალია, რაც თვითაალების საშიშროებას ამცირებს. ბუნებრივი გაზი არ არის ტოქსიკური, კოროზიული ან კანცეროგენური, ასევე, არ აბინძურებს ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს. უსაფრთხოების გარდა, ალბათ, საინტერესოა ისიც, რომელ საწვავზე მომუშავე ავტობუსის შენახვა დაუჯდება ბიუჯეტს უფრო იაფი – ბუნებრივი აირის (CNG) თუ დიზელის? თუ დავუშვებთ, რომ ავტობუსის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა 15 წელია და წელიწადში 100 000კმ-ს გადის, შესაძლებელია, ავტობუსების მთელი საოპერაციო ციკლის ხარჯების დაახლოებით დაანგარიშება და შედარება, რაც მოიცავს: კაპიტალურ და შენახვის ხარჯებს, თანამშრომლების, რემონტისა და ადგილობრივი საწვავის ხარჯებს. შესაბამისად, IBRD-ს დასკვნის თანახმად, გაირკვა, რომ CNG ავტობუსის ფასი იქნება 837 000 ევრო, დიზელის კი – 878 000 ევრო (ეს ხარჯები ეფუძნება ამჟამინდელ ფასებს, 6% ფასდაკლების გათვალისწინებით). განსხვავება თითოეულ ავტობუსზე 40 ათას ევროზე მეტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ ეტაპზე 200-მდე ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, საკმაოდ სოლიდურ დანაზოგზეა საუბარი”,-წერს სტატიის ავტორი.
როგორც „პრაიმ-ტაიმს “ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა გიორგი გურგენიძემ განუცხადა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი ავტობუსები თბილისში ზაფხულისთვის გამოჩნდება. „ბუნებრივი აირის გამოყენება ავტობუსებისთვის ნაკლებად სარისკოა, ვიდრე დიზელის. რისკი, ზოგადად, არსებობს როგორც აირის, ისე დიზელის შემთხვევაში. თვითმფრინავებიც ვარდება და ავტომობილებიც ყვება კატასტროფაში. ანუ მსგავსი რისკებისგან დაცული არავინ არის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ბუნებრივი აირი უფრო საშიშია, ვიდრე დიზელი, სრულიად უსაფუძვლოა”,-განმარტა გურგენიძემ. როგორც სტატიის ავტორი წერს, ავტობუსების ბიზნესში ბრძოლა გოგი თოფაძის მარცხით დასრულდა. სხვათა შორის, ეს დროში დაემთხვა მის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ „მრეწველთა“ ლიდერმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიიღო და მას პარლამენტი პირადი ბიზნესის ლობირების გამო დაატოვებინეს, მანამდე კი, როგორც ჩანს, საკუთარი ინტერესების გატარება აკრძალული თამაშის წესებით სცადა და კონკურენტული იდეის საწინააღმდეგო პიარკამპანიას ჩაუდგა სათავეში.
სხვათა შორის, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა გოგი თოფაძე საკუთარი ბიზნესინტერესების გატარებას ამ მეთოდით ცდილობს. ცოტა ხნის წინ მან დაახლოებით ასეთივე კამპანია გააჩაღა გენმოდიფიცირებული პროდუქტების საქართველოში შემოტანის წინააღმდეგ. მაშინ თოფაძე არც კი მალავდა, რომ ეს მის პირად ბიზნესსაც დაარტყამდა და მსოფლიოში აღიარებულ გმო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მონსანტოს“ ლამის ჯვაროსნული ომი გამოუცხადა.