დავით სერგეენკო: ჯანდაცვაში მიმართული თანხა უბრალოდ დახარჯული თანხა არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “ექსპო-ჯორჯიაში” გამართულ გლობალურ კონფერენციაზე – “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” განაცხადა, რომ ჯანდაცვაში მიმართული თანხა არ არის უბრალოდ დახარჯული თანხა, არამედ პირდაპირი ინვესტიციაა ქვეყნის ეკონომიკაში.
დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის პროექტები წარმატებით განხორციელდეს.
“ძალიან მოკლედ შევეხები ძირითად თეზისებს, რომლებიც გარკვეული გზავნილების სახით მინდა ჩამოვაყალიბო. პირველი – საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობის დაცვა არ არის რომელიმე ჯგუფის პრივილეგია, არამედ ის წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანის უფლებას. მეორე – ჯანდაცვაში მიმართული თანხა არ არის უბრალოდ დახარჯული თანხა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში. მესამე – ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებმა გამოკვეთილად აღიარეს, რომ სულ უფრო ნაკლები რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს დონეზე რაც არ უნდა განვითარებული და მდიდარი იყოს ის. ასე რომ, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის პროექტები წარმატებით განხორციელდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავისი ქვეყნის ჯანდაცვისთვის ოპტიმალური და სრულყოფილი მოდელის პოვნა.
“არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელმაც შეიძლება თქვას და დაადასტუროს, რომ იპოვა თავისი ქვეყნის ჯანდაცვისთვის ოპტიმალური მოდელი და ეს მოდელი არის სრულყოფილი, რომელიც არ შეიცვლება თუნდაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში. ასეთი მაგალითი არ გვაქვს, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს გაატაროს ახალი რეფორმები და შექმნას უკეთესი სისტემა, ვიდრე არსებობს. ეს არის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მახასიათებლები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები