პრემიერი: მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
როგორც პრემიერმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი და უკეთესი ხარისხის იყოს.
“ჩვენი მთავრობის მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი. მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ჩვენ უკვე არაერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი და უკეთესი ხარისხის. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა და დღეს ყველა მოქალაქე სამედიცინო მომსახურებით არის უზრუნველყოფილი “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” მიმდინარეობს.