“ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქნება მაშინ, როცა ძალიან რთულდება მეტეოროლოგიური პირობები”
“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვას, ამ ეტაპზე არ იგეგმება.
როგორც ბოცვაძემ ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი წლიდან ტარიფების ზრდა, ან შემცირება არ იგეგმება.
“კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკი ყოველწლიურად განიხილავს ტარიფების გადახედვას. კალკულაცია მიმდინარეობს, თუმცა, ახალი წლიდან არ იგეგმება ტარიფების ზრდა, ან შემცირება. ჯერჯერობით, ელექტროენერგიის ფასი „გვიჭირავს“ და კარგად მივდივართ. ვფიქრობ, მარეგულირებელი კომისიის მიმართ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა მწვავე არ იქნება”, – აღნიშნა ბოცვაძემ.
მისი თქმით, კომპანიამ დღეს ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ისაუბრა ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზეც.
“გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქნება მაშინ, როცა ძალიან რთულდება მეტეოროლოგიური პირობები. თუმცა, გვაქვს მაქსიმალური მზაობა, მაქსიმალური ოპერატიულობა ავარიებზე და, ვფიქრობთ, პრობლემა არ შეიქმნება. მასობრივი გათიშვები არ იქნება, თუ არ მოხდა ისეთი სტიქია, რაც იყო წინა კვირას. მაშინ გათიშული იყო 150 ათასი აბონენტი, მაგრამ ოპერატიულად გავწიეთ სამუშაოები. ერთი დღის განმავლობაში უდიდესი ნაწილი ჩაირთო, დანარჩენი კი – შემდეგ დღეს. ასეთი ავარიის შემთხვევაში, მაქსიმალურად ვართ მობილიზებულები”, – განაცხადა “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა.