პაატა ბურჭულაძემ ქართული პოლიტიკის გამო მომავალ წელს ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ჟურნალისტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პაატა ბურჭულაძემ „თბილის მარიოტში“ მედიიის წარმომადგენლებს თანამოაზრეები გააცნო: გიორგი რუხაძე, ვანო მაჭავარიანი, ხათუნა ლაგაზიძე და დავით ჯანდიერი. ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას. ამასთანავე, შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტის უპასუხა კითხვას – ხომ არ გაცვლის ის საოპერო სცენას პოლიტიკურ სცენაზე და შედგება თუ არა მსოფლიო ბანის პოლიტიკური პრემიერა.
ბურჭულაძის განცხადებით, ის არასდროს ოცნებობდა, ყოფილიყო საოპერო მომღერალი, თუმცა დღეს ის ცნობილი მომღერალია.
როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის მზად არის, ნებისმიერ ძალასთან კონსულტაციისთვის. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონსულტაცია მას ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, ბურჭულაძის თქმით, მას კონსულტაცია ყველასთან ჰქონდა.
„მე არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ მომცა ამის შანსი, რომელიც გამოვიყენე. არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ უნდა გავმხდარიყავი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით და არც – არას, თუ ცხოვრება მანახებს, რომ ეს არის ჩემი გზა, ამას აუცილებლად გავაკეთებ“,- აღნიშნა ბურჭულაძემ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გამორიცხავს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ის გამორიცხავს დღეს ამ თემაზე საუბარს. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ყველა საკონცერტო კონტრაქტი ბურჭულაძემ გააუქმა. მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაახლოებით ორი კვირის წინ დააფუძნა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანია.