გიორგი კვირიკაშვილი: სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასკუალე ვალენტინს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„მსურს, ბატონ მინისტრს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წარსულში, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა დონეზე კავშირების დამყარებას, სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და რეგიონში შექმნილი ვითარებაზე იმსჯელეს. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ცნობისთვის, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი 2015 წლის 20 ნოემბერს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები