აბაშიძე – კარასინის შეხვედრას ლავროვის უწყება საგანგებო განცხადებით ეხმაურება
არახელსაყრელი მაკროეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვა უმნიშვნელოდ შემცირდა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
ამასთან, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ტრანსსასაზღვრო კავშირების ნორმალიზება მოხდება.
„გაგრძელდა დიალოგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ საკითხებზე, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესის მიღწევა – ეს არის ეკონომიკა და ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ მხრივ პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა მიდგომამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. ლავროვის უწყების განმარტებით, თბილისსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით დაცვითი ხასიათის ზომებზე უარი თქვა.