ეკა ბესელია: ირაკლი შოთაძეს ყველა წინაპირობა აქვს, რომ პარლამენტისგან მხარდაჭერა მოიპოვოს
მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა „2030”-ში გამოეხმაურა. მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს შანსი აქვს, რომ პარლამენტისგან მხარდაჭერა მიიღოს.
„მე ვფიქრობ, მას აქვს შანსი, რომ პარლამენტისგან ჰქონდეს მხარდაჭერა. დაველოდოთ საბოლოოდ პროცედურების დასრულებას და ჩვენი კოლეგების საბოლოო გადაწყვეტილებას. თუმცა ჩემი აზრით, მას ამის ყველა წინაპირობა აქვს“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ადვოკატთა ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ფიქრობს.
„პროკურატურა დღეს არის გახსნილი და მე ვისურვებდი, რომ ადვოკატებისთვისაც გაიხსნას უფრო მეტად. იგივე ირმა ჭკადუა პარლამენტმა აირჩია საპროკურორო საბჭოში, ეს იყო ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ადვოკატთა ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ფიქრობს და ადვოკატის ხმა საპროკურორო საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადვოკატების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ქმედებები, რასაც ისინი აფიქსირებენ, იყოს განხილული და გადაწყვეტილი“, – აღნიშნა ბესელიამ.