ტონი ბლერი: ევროპა საქართველოს უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპამ მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა განიხილოს.
როგორც ბლერმა “მოამბესთან“ ექსკლუზირ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებები. ყოფილმა პრემიერმა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს არჩეული გზით სიარული. განსაკუთრებით კი, იმ კუთხით, რომელიც ევროპასთან მოლაპარაკებებს შეეხება. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიიწევს. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი სიგნალი თქვენთვის. ამასთანავე, გარკვეული წახალისებაც.
ყველამ იცის, რომ თქვენ ხართ მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილში, თქვენზე ძალიან ბევრი ზეწოლაა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჩემი აზრით, ევროპა უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს და მის მომავალს“, – განაცხადა ტონი ბლერმა.