საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა თებერვლამდე გაგრძელდება
საფრანგეთის ნაციონალურმა კრებამ (პარლამენტის ქვედა პალატა) მხარი დაუჭირა ქვეყანაში სამი თვით საგანგებო რეჟიმის გაგრძელების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.
კანონპროექტი პარლამენტს დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში განხორციელებული ტერორისტული შეტევების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ პარიზში, ასევე ბელგიასა და გერმანიაში ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა. ოლანდი ასევე კონსტიტუციაში საგანგებო მდგომარეობის დაზუსტების ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოდის. ის მოითხოვს ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ამ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საფრანგეთში ჩასვლის აკრძალვას, ასევ ძალოვანი უწყებებისთვის დაფინანსების გაზრდას.