სტამბოლის პოლიციამ მედიაჰოლდინგის ოფისები დაარბია
თურქეთში ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულება Kaynak-ის ოფისები დღეს დილით სტამბოლის პოლიციამ დაარბია. Kaynak-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლებამ პირველი ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაიბარა.
როგორც ცნობილია, ჰოლდინგს 8 ათასი თანამშრომელი ჰყავს. ეკონომიკის თურქი ექსპერტების შეფასებით, მედიაჰოლდინგ “კოზა-იფექზე“ განხორციელებული სკანდალის შემდეგ, ეს ქმედება, ქვეყანას ეკონომიკურად სერიოზულად დააზარალებს და თავისუფალ მეწარმეობას დარტყმას მიაყენებს.
ეკონომისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება, უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება გართულდება.
არსებული ინფორმაციით, 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემების ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. ამასთან, ერდოღანის მთავრობამ “სამანიოლის” ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სატელიტი Türksat-იდან გაიყვანა და ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხსა და 4 რადიოს 2024 წლამდე ჰქონდათ კონტრაქტი.