თბილისში ჟენევის თანათავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთანб ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა 8-9 დეკემბერს დაგეგმილ რიგით 34-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საკვანძო თემებზე – ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, დევნილი მოსახლეობის დაბრუნება – პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეების ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების გამალებული მილიტარიზაციის ფაქტებზე.
ამასთან, თანათავმჯდომარეებს ვრცელი ინფორმაცია მიეწოდა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ განათლების უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპის საფუძველზე უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებების, გატაცებების და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო. აღნიშნულ კონტექსტში აღინიშნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების გალის მექანიზმის აღდგენის საჭიროება. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დაადასტურა პროცესში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები