სანდრო თვალჭრელიძე: „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არ შეუშლის

“რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არ შეუშლის, – ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში ტელეკომპანიის გასხვისების მოვლენებს იხსენებს.
,,შემიძლია დაგაწყნაროთ, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არ შეუშლის. დასავლეთში ყველა თავის საქმეს აკეთებს და სხვის საქმეებში არ ერევა. ევროკომისარის საქმეა, იმუშაოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე და მისი საქმიანობა ზუსტად ამ კუთხით შეფასდება. მეორეც, მოდით, ემოციები გვერდზე გადავდოთ და მოკლედ გავიხსენოთ, რამ გამოიწვია “რუსთავი-2”-ის გარშემო შექმნილი სიტუაცია.
2004 წლიდან პირველი, რაც გააკეთა ჩვენმა იმ დროს ახალგაზრდა და პოპულარულმა პრეზიდენტმა, იყო ოპოზიციური ტელეარხების დახურვა. ამავდროულად, მან აიძულა იმდროინდელი “რუსთავი-2″-ის მფლობელები, არხი ბატონი ხალვაშისთვის მიეყიდა. ბატონი ხალვაში, ისევე, როგორც ბატონი ოქრუაშვილი, მხოლოდ შემდგომში გადაუდგა პრეზიდენტს. რასაკვირველია, ტელეარხი მას მაშინვე წაართვეს”,- აცხადებს თვალჭრელიძე.
ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ტელეარხის ფლობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ,,ეს პარტია ამ თვალსაზრისით ექსკლუზიურ, მონოპოლისტურ მდგომარეობაშია, ვინაიდან არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, “ქართული ოცნების” ჩათვლით, თავისი ტელეარხი არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, “რუსთავი-2″-ის ირგვლივ შექმნილი პროცესები არის არა მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა, არამედ პირიქით, მედიის პოლიტიკური წნეხიდან საბოლოო გათავისუფლება”,-აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე. თვალჭრელიძის ინფორმაციით, პროცესებმა ცივილურ ჩარჩოებში უნდა გადაინაცვლოს, რათა სოციალურმა დაძაბულობამ დაიკლოს.
,,ჩვენთვის – ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურმა დაძაბულობამ დაიკლოს და პროცესები ცივილურ ჩარჩოებში მოექცეს, თორემ როცა კითხულობ თუნდაც ბატონ გვარამიას განცხადებებს, ჯუნგლებში გეგონება თავი”, – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები