დავით ნარმანია: აქ გვერდიგვერდ დგას მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, სომხური ეკლესია და მეჩეთი

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საკრებულოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1995 წლიდან დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების, ეთნიკურობის, რელიგიის ადამიანები ერთმანეთს ხმამაღლა ვახსენებთ ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობის, ლოიალურობისა და ურთიერთსიყვარულის იმ უზენაეს პრინციპს, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. ტოლერანტობა ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია, ის ქმნის საზოგადოებას, რომელშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავი დაფასებულად და ღირსეულად იგრძნოს. თბილისი ოდითგანვე გამოირჩეოდა მრავალეთნიკურობითა და რელიგიური მრავალფეროვნებით – აქ საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ დგას მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, სომხური ეკლესია და მეჩეთი. ჩვენი ვალია, მომავალ თაობას ეს უძვირფასესი ტრადიცია შემოვუნახოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კი პირველად 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები