გაიზრდება თუ არა პენსიები – სერგეენკო ბაქრაძეს პასუხობს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პენსიებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ბიუჯეტის და მისი პარამეტრების დამტკიცება ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტია, ჩვენ ვასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პარლამენტი მიიღებს.
“ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის ბიუჯეტის და მისი პარამეტრების დამტკიცება ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს. როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს, დეტალურად გაანალიზდეს, კერძოდ, ვისი შემოსავლები გაიზარდა. მათი, ვინც წესრიგს იცავს, მათი, ვინც უბედური შემთხვევების დროს საგანგებო რეაგირებას აკეთებს, თუ უბრალოდ ჩინოვნიკების. გადაწყვეტილების მიმღებია პარლამენტი, ჩვენ ვასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პარლამენტი მიიღებს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეიდან პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით კამპანიას იწყებს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული მოთხოვნით სპეციალური პეტიცია შემუშავდა, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ პენსიონერს შეეძლება.
“ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოიმატოს პენსიამ 50 ლარით. ეს სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 420 მილიონი ლარი დაუჯდება. თუ შევხედავთ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, დავინახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით 456 მილიონით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები. აი, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს პენსიონერებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.