ავლაბრის გვირაბში მოძრაობა სრულად აღდგა
ავლაბრის გვირაბში საკანალიზაციო გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის პრესსსამსახურის ინფორმაციით, ჯორბენაძის ქუჩისა და მაჭრისხევის მიმდებარე ქუჩების კანალიზაციის მდინარე მტკვარში ჩადინება სრულად აღიკვეთა.
სამუშაოები, უკიდურესად რთული ტექნიკური პირობებისა და შეზღუდული გარემოს გამო, მთლიანად ხელით (მანუალურად) შესრულდა. სამუშაოების დასრულებისთანავე, ავლაბრის გვირაბში არსებული მოძრაობის შეზღუდვა გაუქმდა და მოძრაობა სრულად აღდგა.
პროექტის ღირებულებამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით კომპანია „ენსისიმ“ შეასრულა.