ირაკლი სესიაშვილი: ტერორისტების სამიზნე ძლიერი ქვეყნებია, თუმცა ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ
“ისლამურ სახელმწიფოს” ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტერორისტების სამიზნე განვითარებული, ძლიერი ქვეყნებია, სადაც ტერორისტების აზრით, ფსიქოლიგიური ზეწოლა და შოკის მოხდება გაცილებით ეფექტურია.
“პირველ რიგში ვთქვათ, რომ გაიხსნა მეორე ფრონტის ხაზი – ეს არის ევროპა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ლტოლვილების ნაკადთან ერთად, ევროპაში დიდი რაოდენობით ტერორისტი შევიდა, რომელთაც აქვთ გარკეული იდეოლოგია და მხარდაჭერა ადგილზე. ამიტომ ტერორიზმის პრევენცია ევროპაში ძალიან გართულდება. სირიის ვითარება მეტ-ნაკლებად დაძლევადია იმ თვალსაზრისით, რომ მაინც ლოკალურია და იქ შეიძლება ველოდოთ, რომ ერთობლივი ოპერაცია ჩატარდება. როგორც წესი, ტერორისტების სამიზნე განვითარებული, ძლიერი ქვეყნებია, სადაც, ტერორისტების აზრით, ფსიქოლიგიური ზეწოლა და შოკის მოხდენა გაცილებით ეფექტურია. ამიტომ თავისთავად ცხადია, მათი ძირითადი სამიზნე განვითარებული და ძლიერი ქვეყნები არიან, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრივ გაქვს საფიქრალი – ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. “ისლამურ სახელმწიფოს” ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს. ჩვენ გეოგრაფიულად ამ გზაჯვარედინზე ვართ. გეოგრაფიულად ახლოს არის სირია. მოგვიწევს ჩვენი საზღვრების უკეთ გაკონტროლება, მოწყვლად ჯგუფებზე დაკვირვება – მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.