დავით უსუფაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარალამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გამართა.
დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერს მადლობა გადაუხადა საქართველოში ეუთოს საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ასევე, მთლიანად რეგიონის წინსვლისა და სტაბილურობისთვის.
ლამბერტო ზანიერის განცხადებით, ეუთო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაშის როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მხარეებმა ნოემბრის თვეში, საქართველოში, ეუთოში ამერიკის, კანადის, რუმინეთის, შვედეთისა და ლიტვის ელჩების ვიზიტი წარმატებულად შეაფასეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფაქტორზე. დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა გააცნო. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებიც. მხარეებმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისისა(ODIHR) და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერს მადლობა გადაუხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ODIHR-ს ანგარიშებს საქართველოს პარლამენტი ყურადღებით ეცნობა. მისივე ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისთან ერთად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღონისძიებები იგეგმება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიური შეკრების მასპინძლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები