კიევში "მოსკოვური" დასახელების ქუჩებს სახელებს გადაარქმევენ?
კიევის საკრებულოს დეპუტატები კიევში მოსკოვის პატივსაცემად დარქმეული ქუჩების სახელების გადარქმევას მოითხოვენ. ასეთი ინიციატივით გამოვიდა დეპუტატი დენის მოსკალი.
“მე უკვე მოვამზადე მოსკოვის პროსპექტის ქუჩებისა და ტერიტორიების სახელის გადარქმევის გადაწყვეტილების პროექტი. ამის მიზეზი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაა. მოსკოვის გამო ჩვენ მივიღეთ ბევრი ცრემლი და ამ ქუჩებს შეიძლება ძველი სახელები დავუბრუნოთ, ან დავარქვათ ახალი. მაგალითად, ვუწოდოთ იმ ადამიანების სახელები, ვინც მაიდანზე იბრძოდა”, – განაცხადა დენის მოსკალმა.
მას ჯერჯერობით არ დაუთვლია, თუ რამდენი დაუჯდება სახელების გადარქმევა სახელმწიფოს ბიუჯეტს, თუმცა მანამდე საჭიროა საჯარო განხილვის ჩატარება და იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ამ ქუჩებზე ცხოვრობენ. საკრებულოში ამ გადაწყვეტილებას ყველამ არ დაუჭირა მხარი.
“ვფიქრობ, ეს ცარიელი საქმეა, უკრაინის საწინააღმდეგოდ მოსკოვი კი არა, არამედ პირადად კრემლი და პუტინი გამოვიდა და მოსკოველები აქ არაფერ შუაში არ არიან. თუკი კიევში იქნებოდა კრემლის ან პუტინის ქუჩა, მხარს დავუჭერდი მათთვის სახელების გადარქმევას”, – განაცხადა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ კულტურისა და ტურიზმის საკითხებში დიმიტრი ნიკულშინმა.