პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა ცნობილია
პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა ცნობილია. როგორც პარიზის პროკურორმა ფრანსუა მილენმა განაცხადა, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო. პროკურორის თქმით,ის 2010 წელს ისლამისტებს დაუახლოვდა, რის გამოც სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა არც ერთ დაჯგუფებაში არ გაწევრიანებულა და არც ტერორისტებთან კავშირში ყოფილა ეჭვმიტანილი. მისი თქმით, სამართალდამცველებთან მოლაპარაკებების დროს, ტერორისტები სირიასა და ერაყს ახსენებდნენ.
“ამ ეტაპზე ტერორისტი,რომელიც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მძევლების აყვანის ინიციატორი იყო- ამოცნობილია,დადგენილია მისი თითების ანაბეჭდი. მის შესახებ პოლიცია ინფორმაციას ფლობდა, თუმცა არასდროს ყოფილა ციხეში და არც ტერორისტებთან კავშირში ყოფილა ეჭვმიტანილი. რაც შეეხება სტადიონზე თავმდამსხმელს,მას სირიული პასპორტი აღმოაჩნდა, ის სირიაში 1990 წელს დაბადებული მამაკაცია. მის შესახებ საფრნგეთის დაზვერვის სამსახური ინფორმაციას არ ფლობდა,ამ ეტაპზე სამი ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს,რომელთა ვინაობასაც შეგნებულად არ დავასახელებ“,-განაცხადა პროკურორმა.
მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 8 თავდამსხმელზე და განაცხადა, რომ ტერაქტები 7-მა ადამიანმა განახორციელა, აქედან 6-მა თავი აიფეთქა.
პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.