ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ჩართვის მსურველ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და კლინიკაში არსებულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გაეცნო. საუბარია სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.

მიხეილ სარჯველაძემ ამბულატორიისა და დიაგნოსტიკის განყოფილებები დაათვალიერა და გაეცნო მათ ტექნიკურ აღჭურვილობას. ჯანდაცვის მინისტრმა, ექიმებთან ერთად, განიხილა სამედიცინო დაწესებულებაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის არსებული შესაძლებლობები, ამასთან, ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ახალი კომპონენტის ეფექტურად მართვის საკითხებზე.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. მინისტრის განცხადებით, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს – მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე – კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები