ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს 2026 წლის მათემატიკის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს მათემატიკის კონკურსის – KIU π-DAY Math CONTEST 2026 ფინალი გაიმართა.
წლევანდელი კონკურსი მოსწავლეთა უპრეცედენტო აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველ ტურში 1400-მდე, მეორეში – 250-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება 170-მდე მონაწილემ მოიპოვა.
KIU Pi-Day Math Contest 2026 პირველი და მეორე ტური „Learn with AI” პლატფორმის გამოყენებით ონლაინ ჩატარდა, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის – „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“. კონკურსის წესის მიხედვით, ფინალური ტური უშუალოდ KIU-ში გაიმართა და მასში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული, 65 მოსწავლე მონაწილეობდა.
ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომების მფლობელები. გამარჯვებულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პრიზებს სთავაზობს.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებსა და მათ მშობლებს, KIU-ს სტუდენტებმა დაათვალიერებინეს ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ KIU Pi-Day Math Contest ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მე-6 წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ IX-XII კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM მიმართულებების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.
მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება. KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიურ რუკაზე.