შალვა პაპუაშვილი: მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია

“მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია და ზოგადად, რეგიონისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,
მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია.

„ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებსა და ომებზე, რომლებიც მიმდინარეობს და სამწუხაროდ, დღემდე არ წყდება. მსჯელობის საგანი იყო, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს და რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციამ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ სამშვიდობო პოლიტიკაში იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში.

ჩვენს პარლამენტებს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მათ შორის პირადად მალტის პარლამენტის სპიკერსა და ჩემს შორის. ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ-სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ამ ასამბლეის ფარგლებში, ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მოვმართოთ და ამ მხრივ მალტამ სრული მხარდაჭერა აღვიქვა.

ზოგადად, მალტა გამოკვეთილი მხარდამჭერია ქართველ ხალხისა და საქართველოსი. ამ მხრივ, მალტის პარლამენტი განსაკუთრებულ თანამშრომლობაშია ჩვენთან. მათი მხრიდან ყოველთვის სურვილი და მზადყოფნაა იმის, რომ რიგ შემთხვევებში, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, რომელიც ცდილობს, რომ დიალოგი დაბლოკოს და ცალმხრივი დირექტივებით გვესაუბროს, მალტის პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა. ამ მხრივ, მათი მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს, რომ დიალოგის გამართვას ხელი შეუწყონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები