რატომ აღუდგინა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სინამდვილეში ნიკა გვარამიას უფლებამოსილება

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი განჩინების საფუძველზე  თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს’’ წარმომადგენლების საჩივარი  და  პირველი ინსტანციის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე,  უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს – ყოფილ მენეჯმენტს.

ამასთანავე,  ამავე განჩინების საფუძველზე,    დავით დვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  დროებით მმართველის უფლებამოსილება გაუუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილს  უფლებამოსილება შეუჩერდა.
შესაბამისად, გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას  და ფინანსურ დირექტორს  კახა  დამენიას უფლებამოსილებები დაუბრუნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ  ისინი ანგარიშვალდებულები არიან, 16 ნოემბრამდე, შემოსავლების სამსახურში  წინა თვის, ანუ  ოქტომბრის თვის კომპანიის დეკლარაციები წარადგინონ.  

თუმცა,  ჯერ კიდევ გუშინ ნიკა გვარამია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებას არ გამოხატავდა და ბრიფინგი გამართა.12242283_1036587073030452_1209790807_n

„სრული სამართლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია. ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულებით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს.  მე გეტყვით, ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის“, –  აცხადებდა ნიკა გვარამია ჯერ კიდევ გუშინ.

 მაშინ, როდესაც,  ნიკა გვარამია ტელეკამერების წინ განცხადებებს აკეთებდა, რევაზ საყევარიშვილმა  საჯარო რეესტრს  მიმართა. დღეს, 13 ნოემბერს, 09 საათსა და 50 წუთზე,  საჯარო რეესტრის ამონაწერი  ცხადყოფს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია, ხოლო ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორად კახა დამენია აღადგინა. რევაზ საყევარიშვილმა, რომელიც დროებით მმართველად იყო დანიშნული,   პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის მიმართ  მთლიანად აიცილა.

 „ნიკა გვარამიას და  კახა დამენიას  შეუძლიათ  იმოქმედონ  კომპანიის სახელით,   ანუ  არანაირი პრობლემა  არ არსებობს, იმ კუთხით, რომ მათ  16 რიცხვამდე   წარადგინონ  წინა თვის საშემოსავლო და დღგ – გადასახადის დეკლარაციები,   ანუ  შეასრულონ  ის საგადასახადო   ვალდებულებები, რომელიც  ჩვეულებრივ ნებისმიერ   კომპანიას გააჩნია შემოსავლების სამსახურის მიმართ. ამით ნიკა გვარამიას და კახა დამენიას  ყველანაირი  პრობლემა  აქვთ მოხსნილი   და შეუძლიათ, მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება გააგრძელონ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას   ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.  123

  ადვოკატს მიაჩნია, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების გამოტანისთანავე ნიკა გვარამია ვალდებული იყო, საჯარო რეესტრისთვის თავად მიემართა, თუმცა  რეესტრში განაცხადი რევაზ საყევარიშვილმა შეიტანა.  პაატა სალია ეჭვობს, რომ გვარამიამ საჯარო რეესტრს სწორედ იმიტომ არ მიმართა, რომ  არსებულ  სიტუაციას ხელოვნურად  აჭიანურებს.

 ადვოკატის ეჭვს ისიც ასაბუთებს, რომ  გვარამიამ საზოგადოების წინაშე   ორაზროვანი განცხადებები  გააკეთა.

„ნიკა გვარამიამ  გუშინ განაცხადა,  რომ  „რუსთავი 2“-ის მიმართ  ჯერ ისევ  დავით დვალი და  რევაზ საყევარიშვილი  არიან პასუხისმგებელი პირები,  თუმცა ეს არასწორი ინფორმაციაა.  მას თამაზ ურთმელიძის განჩინებით ის უფლებამოსილება აღუდგა, რაც მანამდე ჰქონდა.  სასამართლოს გადაწყვეტილება  იმ წუთიდანვე შევიდა ძალაში, როგორც კი  გამოქვეყნდა. პრინციპში, მათ თავადვე უნდა წარედგინათ სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრში.  თუმცა ისინი პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ, რათა სიტუაცია ხელოვნურად დაიძაბოს.  რევაზ საყევარიშვილმა თავად შეიტანა და წარადგინა საჯარო რეესტრში   მოსამართლის განჩინება.  ამონაწერის მიხედვით  ნიკა გვარამია და კახა დამენია  არიან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და ფინანსური მენეჯერი. დღეიდან მათ უფლება აქვთ, განახორციელონ კომპანიის სახელით ის,  რაც წესდებით არის განსაზღვრული, რაც  სასამართლოს მიერ არ არის შეზღუდული“, – განაცხადა  „კვირასთან“  საუბრისას პაატა სალიამ.

მისი თქმით,  რევაზ საყევარიშვილის ქმედებამ განმუხტა ის დაძაბული სიტუაცია, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო იყო ატეხილი.

კითხვაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ  მოსამართლე ურთმელიძე ძალაში დატოვებდა 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას,  სალია აცხადებს, რომ მაშინ  ტელეკომპანიის   დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში  დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს უნდა წარედგინათ.

„მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების თანახმად,  დავით დვალს უფლებამოსილება იმის გამო შეუწყდა, რომ  რამდენიმე დღის წინ, ქიბარ  ხალვაშმა და დვალმა პრესკონფერენციაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. მათ განაცხადეს, რომ, ისინი  ერთად იქნებოდნენ  კომპანიაში.   ეს კი, უკვე მიუთითებს მის ინტერესებზე. არ შეიძლებოდა ზემდგომი  ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაინტერესებული პირი ყოფილიყო  მხარე
რაც შეეხება რევაზ საყევარიშვილს,  განჩინებით მას დროებითი მმართველის უფლებამოსილება შეუჩერდა. სასამართლომ მოტივი იმით ახსნა, რომ საყევარიშვილი ფიზიკურად  ვერ ახორციელებდა  უფლებამოსილების შესრულებას და მან თხოვნით მიმართა სასამართლოს, რომ გადავადებულიყო მისი უფლებამოსილებების განხორციელების  ვადა იქამდე,  სანამ სამართლებრივი დავების საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა.   ამით, მან განმუხტა   ის დაძაბული ფონი, რომელიც ახლა არსებობს“,     – აღნიშნა  პაატა სალიამ. 

12248783_1036586743030485_385812387_n

მისივე თქმით, ვინაიდან საყევარიშვილთან კომპანიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ, იგი ვერ მოახერხებდა მისი უფლებამოსილებების შესრულებას.

“საყევარიშვილი, როგორც კომპანიის დროებითი მმართველი, ვალდებული იყო, საგადასახადო სამსახურში კომპანიის დეკლარაცია 16 ნოემბრამდე წარედგინა. საყევარიშვილი ამას ვერ მოახერხებდა, რადგან ტელეკომპანიაში მასთან არ ითანამშრომლებდნენ. არავინ ასრულებდა სასამართლოს განჩინებას,  შესაბამისად, მოხდა  ის, რომ  დღეს ისევ აქვს ნიკა გვარამიას  უფლებამოსილება,  წარადგინოს  დეკლარაციები და  განახორციელოს ეს ფუნქციები, ვიდრე სააპელაციო სასამართლო  არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას – რამდენად კანონიერი იყო საყევარიშვილის დანიშვნა დროებითი მმართველის პოზიციაზე. თუ სააპელაციო სასამართლო დატოვებს ძალაში პირველი (საქალაქო სასამართლოს) ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამ ნაწილში, ეს  ნიშნავს იმას, რომ  საყევარიშვილი უკვე შეუდგება  თავისი უფლებამოსილების  განხორციელებას“, – აღნიშნა პაატა სალიამ. 

იურისტი ამბობს, რომ   იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“  ვერ წარადგენდა 16 ნოემბრამდე საგადასახადო სამსახურში შემოსავლებს და დეკლარაციებს,  მაშინ  კომპანია დაჯარიმდებოდა,  რის შედეგადაც  დაიწყებოდა საქმის წარმოება იმ პირის ან პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებოდა დეკლარაციის წარდგენაზე. ამასთანავე, სააღსრულებო ბიურო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, დეკლარირებული   დავალიანების გადაუხდელობის გამო,  დაადებდა ინკასოს”, – განაცხადა პაატა სალიამ. 

კითხვაზე, თქვენ რომ ყოფილიყავით „რუსთავი 2“-ის ადვოკატი,   საქალაქო სასამართლოს  5 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდით თუ არა 16 ნოემბრამდე,  პაატა სალიას პასუხის გაცემა უჭირს.

 „ცოტა რთულია ეს ყველაფერი,  “რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა ჩაიბარეს   განჩინება და 5 დღის ვადაში ჰქონდათ გასაჩივრების ვადა. მათ გაცილებით ადრე გაასაჩივრეს,  ანუ   სანამ ძალაში შევიდოდა ეს გადაწყვეტილება. უბრალოდ 16 ნოემბრამდე   საპროცესო დრო აღარ ჰქონდათ, რომ მერე გაესაჩივრებინათ.   ძალიან რთულია, ჩემთვის იმის თქმა,  მათ მდგომარეობაში  რას გავაკეთებდი“, – აღნიშნა  დავით სალიამ.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი იმედოვნებს, რომ  საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის განჩინება დადებითია.  თუმცა,   შესაძლებელია ამ ეტაპზე   სიტუაცია განიმუხტოს.  2 თვის განმავლობაში,  შეიძლება ზემდგომმა სასამართლომ, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვოს და,  ადრე თუ გვიან,   რევაზ საყევარიშვილს თავისი უფლებამოსილების  აღსრულებამ მოუწიოს.

 სააპელაციო სასამართლოში პროცესის დანიშვნის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები