რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე: ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა საიუბილეო თარიღი მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს და ხაზი გაუსვა კომაროვის სკოლის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი თქმით, სრულიად დამსახურებულად, „კომაროვი“ დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ცოდნასა და მაღალი ხარისხის განათლებასთან ასოცირებული ბრენდი.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ რთულ 90-იან წლებშიც კი, როდესაც ბევრი რამ კარგავდა მნიშვნელობას, კომაროვის სკოლა უცვლელად ინარჩუნებდა ცოდნისა და მაღალი აკადემიური სტანდარტის სიმბოლოს სტატუსს. „კომაროველის“ სახელი ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემასთან და მაღალი დონის განათლებასთან იყო დაკავშირებული.

მინისტრის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. მისი თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილმა მოსწავლეთა ნამუშევრებმა და მათმა ენთუზიაზმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება არის ინვესტიცია მომავალში და ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება სწორედ ისეთი სკოლების გაძლიერებაა, როგორიც კომაროვის სახელობის სკოლაა. დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება ტექნიკური ცოდნა და განათლება, ამიტომ აუცილებელია ასეთ ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა,“ – განაცხადა სოხაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სკოლის განვითარებაში მონაწილეობს და აღნიშნა, რომ კომაროვის სკოლას მთავრობის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

საიუბილეო ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა დამსწრეებს გააცნო სკოლის 60-წლიანი განვითარების ისტორია, მნიშვნელოვანი ეტაპები და კურსდამთავრებულთა მიღწევები.

ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამინისტროს მზადყოფნა, ეტაპობრივად მოაგვაროს სკოლის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები