„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დღეიდან იწყება

დღეს, 19:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ორგანიზებით, 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ამიერკავკასიაში პირველად, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა. ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც ბახის, სკარლატისა და ჰენდელის საიუბილეო წელს ეძღვნება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება. „ბაროკო სტილი“ მუსიკაში, ფერწერაში, სკულპტურაში, ლიტერატურაში დაახლოებით 1600-იან წლებში ჩაისახა და მთელ ევროპას მოედო. ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოებული მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით შესრულება ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები