ბრიტანელმა მილიარდერმა თავი მოიკლა
ცნობილი ბრიტანელი მილირდერი და პროდიუსერი ანგად პოლი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვერსიით, ის საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან გადმოვარდა. გამომძიებლები მომხდარის ორ ვერსიას განიხილავენ – უბედური შემთხვევა ან თვითმკვლელობა.
ანგად პოლი ფოლადის გამოდნობის კომპანია Caparo Industries-ის მფლობელი იყო. გაზეთ The Evening Standard-ის ინფორმაციით, ერთი თვის წინ კორპორაცია გარე მმართველობაში გადავიდა. ამის შემდეგ კომპანიაში საკადრო ცვლილებები და შემცირებები დაიწყო. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და აშშ-ში ასობით ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს.
პოლი ცნობილი პროდიუსერიც იყო. ბიზნესმენი თანამშრომლობდა გაი რიჩისთან ფილმ „კარტი, ფული და ორი ლულის“ გადაღების დროს. მთლიანად ის 10 ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა. ასევე ის კინოინდუსტრიის განვითარებას აფინანსებდა.
ბიზნესმენი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის – ლორდთა პალატის წევრის, 84 წლის სვრაჯ პოლის შვილია. სწორედ მამამისმა დააფუძნა კომპანია Caparo Industries-ი, 1968 წელს ინდოეთიდან ინგლისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ.